იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის „ყველაზე ძვირფასი“ მოთამაშე ბელინელი გახდა - შენგელია მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 2023/24 წლის რეგულარული სეზონის „ყველაზე ძვირფასი“ (MVP) მოთამაშე „ვირტუს ბოლონიას“ უკანახაზელი მარკო ბელინელი გახდა.
კლუბების, მედიისა და გულშემატკივრების გამოკითხვაში 38 წლის იტალიელმა კალათბურთელმა ხმების 14.7% მიიღო. მეორე ადგილზე 11.4%-ით „ვენეციის“ მოთამაშე ტაკერი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი თორნიკე შენგელიამ დაიკავა. ქართველ კალათბურთელს ხმების 10.3% ერგო.
მიმდინარე სეზონში შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში საშუალოდ 13.8 ქულას, 5.1 მოხსნასა და 3.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ბოლონიურმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. „ვირტუსი“ პლეი ოფის პირველ რაუნდში „ტორტონას“ ეთამაშება და სერიაში 2:0 იგებს.