იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის.

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო იტალიის მხრიდან – მინისტრის პირველი მოადგილე ედმონდო ჩირიელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად.

მინისტრის მოადგილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. მინისტრის მოადგილემ, ედმონდო ჩირიელიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

გიორგი ზურაბაშვილმა იტალიელ კოლეგასთან საქართველოში მიმდინარე ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დღის წესრიგს და გლობალურ გამოწვევებს.

რომში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის, ევროკავშირის პოლიტიკისა და საფინანსო კომიტეტების თავმჯდომარეებთან; ასევე, იტალიის პარლამენტში საქართველოსა და იტალიის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელთან.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს.