იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი პარტია ძირს უთხრის ქვეყნის მთავრობის ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს უკრაინას
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი პარტია ძირს უთხრის ქვეყნის მთავრობის ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს უკრაინას

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ მისი პარტიის „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრები ძირს უთხრიან უკრაინის მხარდასაჭერად მთავრობის ძალისხმევას და ასუსტებენ რომის პოზიციებს ევროკავშირის შიგნით.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, იტალია, ისევე როგორც ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, უკრაინას იარაღს აწვდის, რათა დაეხმაროს მას რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში, მაგრამ დი მაიოს პარტიის ნაწილი არ უჭერს მხარს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას.

დი მაიოს განცხადებით, მთავრობამ უნდა დაიცვას დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებები და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ყველას მშვიდობა სურს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს აწარმოებს. მინისტრის თქმით, ამის საპასუხოდ, პარტიის წევრებმა მის მიმართ სიძულვილი გამოხატეს და იტალიის მთავრობას რეპუტაცია შეულახეს ევროპელ პარტნიორებთან.

„ეს არის გაუაზრებელი დამოკიდებულება, რომელიც მიდრეკილია დაძაბულობისა და არასტაბილურობის შექმნისკენ მთავრობაში“, – განაცხადა მან.

როგორც მედია წერს, მინისტრის განცხადება შეიძლება, მიანიშნებდეს გარდაუვალი განხეთქილების შესახებ პარტიაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

მედიის თანახმად, შიდაპარტიული დაპირისპირება პრობლემებს უქმნის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისაც, რადგან სამშაბათს პარლამენტში მას უკრაინის საკითხზე კენჭისყრა აქვს დაგეგმილი, ხოლო „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ცდილობს, შეზღუდოს იტალია კიევისთვის მეტი იარაღის გაგზავნაში.

„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ გახდა ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა იტალიის პარლამენტში მას შემდეგ, რაც პარტიამ 2018 წლის არჩევნებში ხმების 33% მოიპოვა, თუმცა მას შემდეგ პარტიის მხარდაჭერა არსებითად შემცირდა. როგორც მედია წერს, ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ პარტიას ამომრჩევლების მხოლოდ 13% უჭერს მხარს და თუ დი მაიოც დატოვებს პარტიას, შესაძლოა, მას თავისი მომხრეებიც გაჰყვნენ და ახალი პარტია შექმნან, რაც პრემიერ დრაგის ადმინისტრაციისთვის გარკვეულ პრობლემებს შექმნის.