იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – სამართალდამცველი ორგანოების 141 თანამშრომელი დაშავდა, ეს მიუღებელია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ სოლიდარობა უნდა დაადასტუროს

17:44, 18.10.2026

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი სამართალდამცველების მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.

მისი თქმით, მემარცხენე პოლიტიკური ძალები ძალადობას სათანადოდ არ გმობენ, ამასთან, საპროტესტო აქციებს კიდევ უფრო ამწვავებენ და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ პირებსა და მთავრობას ადანაშაულებენ.

„სამართალდამცავი ორგანოების 141 წარმომადგენელი დაშავდა. ეს მიუღებელი შედეგია. ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, კიდევ ერთხელ დაადასტურონ სოლიდარობა. თუმცა მემარცხენე პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალადობის დაგმობა სუსტი და ორაზროვანია, მაშინ როდესაც ისინი საპროტესტო აქციებს კიდევ უფრო ამწვავებენ და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ პირებსა და მთავრობასაც კი ადანაშაულებენ. იმის ნაცვლად, იმსჯელონ, როგორ გამიჯნონ საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ელემენტები, ოპოზიცია ახალი ერთობლივი აქციების გამართვას აანონსებს, მაშინ როდესაც მთავრობის არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე ერთობლივი წინადადებებიც კი არ აქვს“, – წერს ტაიანი.

მისივე თქმით, პარტია გააგრძელებს ბრძოლას სამართალდამცველებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის სპეციალური საპენსიო სისტემის შესაქმნელად. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, სისტემამ უნდა გაითვალისწინოს მათი სამსახურის სპეციფიკა და ისეთი საპენსიო პირობები უზრუნველყოს, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, ფიზიკურ დატვირთვასა და რისკებს შეესაბამება.

„მილანში და მთელ იტალიაში – ყოველთვის ჩვენი ფორმიანი ქალებისა და მამაკაცების გვერდით!“ – წერს ტაიანი.

ცნობისთვის, მილანში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეტაკებების დროს, სულ მცირე, ოთხი პოლიციელი და 20 დემონსტრანტი დაშავდა, 50-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს. დაკავებულთა ნახევარი არასრულწლოვანია.

მსგავსი