იტალიის ქალაქებში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გრძელდება, დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი, სხეულის დაზიანება მიიღო 60-ზე მეტმა პოლიციელმა
იტალიის ქალაქებში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გრძელდება, დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი, სხეულის დაზიანება მიიღო 60-ზე მეტმა პოლიციელმა

იტალიის ქალაქებში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გრძელდება. „როიტერის“ ინფორმაციით, მილანში აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. გამოცემის ცნობით, პოლიციამ მილანის ცენტრალურ სადგურზე მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლიციის ცნობით, აქტივისტებმა სადგურის შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. იტალიის საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, მილანში სამართალდამცველებმა ათზე მეტი ადამიანი დააკავეს, სხეულის დაზიანება მიიღო 60-ზე მეტმა პოლიციელმა.

ამასთან, ვენეციის პორტში პოლიციამ დემონსტრაციების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

მუშებმა ასევე საპროტესტო აქციები გამართეს გენუის, ლივორნოს და ტრიესტეს პორტებში. პორტში დასაქმებული მუშები აცხადებენ, რომ ისინი ცდილობენ, თავიდან აიცილონ იტალიის გამოყენება ისრაელისთვის იარაღისა და სხვა მარაგების გადასაცემად, რომლებიც ღაზაში გამოიყენება.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს გენუაში. შეფერხებები შეეხო არაერთ საჯარო სექტორს, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და რკინიგზას, სკოლებს, კომუნალურ სამსახურებსა და პორტებს. მოქალაქეები მოითხოვენ, ისრაელს იარაღის ემბარგო დაუწესდეს.

ღაზაში არსებული ვითარების გასაპროტესტებლად პროფკავშირებმა აქცია იტალიის 80-მდე ქალაქში მოაწყვეს და 24 საათით გაფიცვა გამოაცხადეს.