იტალიის ქალაქ ბოლონიის სააპელაციო სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელის გერმანიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
იტალიის ქალაქ ბოლონიის სააპელაციო სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელის გერმანიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

იტალიის ქალაქ ბოლონიის სააპელაციო სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელის გერმანიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ის შესაბამისი დადგენილების რომში უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

სერგეი კუზნეცოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი კაპიტანი, ევროპული ორდერის საფუძველზე 21 აგვისტოს დააკავეს რიმინიში, სადაც ოჯახთან ერთად ისვენებდა. გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული სერგეი კუზნეცოვი იყო იმ პირთა ჯგუფის წევრი, რომელმაც ბალტიის ზღვაში, „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

გერმანიაში მას ბრალად ედება შეთქმულება აფეთქების მოწყობის მიზნით, ანტიკონსტიტუციური დივერსია და მნიშვნელოვანი ნაგებობების განადგურება. გერმანიის გამოძიების ცნობით, სერგი კუზნეცოვი ხელმძღვანელობდა შვიდკაციან ჯგუფს, რომელთა შორის იყო ოთხი მყვინთავი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ვარშავის სასამართლომ უარი თქვა უკრაინელი მყვინთავის ექსტრადირებაზე, რომელიც გერმანიის ხელისუფლების მიერ მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებაში სავარაუდო მონაწილეობის გამო იძებნებოდა. მოსამართლემ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ თავდასხმა 2022 წლის სექტემბერში განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას მილსადენების აფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.