იტალიის პრემიერი - მოსკოვს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კრიზისების მოგვარებაში
იტალიის პრემიერი - მოსკოვს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კრიზისების მოგვარებაში

მოსკოვს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ლიბიიდან სირიამდე, უკრაინიდან ვენესუელამდე კრიზისების მოგვარებაში, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები მოსკოვისა და რომის ურთიერთობების განმტკიცების საშუალებას იძლევა. როგორც კონტემ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის მეგობრობას უდიდესი პოტენციალი აქვს.

„მეგობრობა, დიალოგი, ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება, ეს ის მთავარი სიტყვებია, რომლითაც ვლადიმერ პუტინთან დღევანდელ შეხვედრას საუკეთესოდ აღვწერ. ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკის მრავალი საკითხი განვიხილეთ და შევთანხმდით დიალოგისკენ ყოვლისმომცველი და ღია მიდგომის აუცილებლობაზე, რომელმაც რეგიონალური კრიზისები უნდა გადაჭრას“, – წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი.