იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის სამთავრობო კოლაიციის დაშლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გადადგა. სააგეტო „როიტერი“ წერს, რომ მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით პრეზიდენტ სერჯიო მატარელას უკვე მიმართა.

როგორც პრეზიდენტის ოფისში აღნიშნავენ, პრეზიდენტმა ცნობად მიიღო პრემიერის გადადგომა და მარიო დრაგის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება სთხოვა.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა. მიმდინარე კვირის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სერჯიო მატარელა პარლამენტის დათხოვას და ოქტომბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გეგმავს.

დღეს პრეზიდენტს პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც 20 ივლისს დრაგის ძირითადმა კოალიციურმა პარტნიორებმა არ მიიღეს მონაწილეობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში, რაც მიუთითებს ხელისუფლებაში პოლიტიკურ განხეთქილებაზე, რომელიც უკვე 18 თვეა, მიმდინარეობს.

მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირასაც დაწერა, მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა – „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და ამით მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.