იტალიის პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ქალაქ პესკარაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრი შეეცდება, გააძლიეროს თავისი პარტიის მხარდაჭერა, თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, არჩევის შემთხვევაში ის არ დაიკავებს ადგილს ევროპარლამენტში.
„ჩვენ გვინდა, ევროპაშიც გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთეთ იტალიაში. შევქმნათ უმრავლესობა, რომელიც აერთიანებს მემარჯვენეებს და აგზავნის მემარცხენეებს ოპოზიციაში“, – განაცხადა მელონიმ.
მელონიმ პირობა დადო, რომ პრემიერ-მინისტრობის დროს ერთ წუთს არ გამოიყენებს საარჩევნო კამპანიისთვის.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარე წლის 6-9 ივნისს გაიმართება. ევროკავშირში არჩევნები ტარდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ოთხდღიანი პერიოდის განმავლობაში და ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრანსნაციონალურ პროცესად.