იტალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ნატო-ს კონტექსტში“ უსაფრთხოების გარანტიებს მხარს უჭერს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ნატო-ს კონტექსტში“ უსაფრთხოების გარანტიებს მხარს უჭერს. ამის შესახებ ჯორჯია მელონიმ რომში შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.
მელონიმ თქვა, რომ შვედ კოლეგასთან, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა ძალისხმევა, რომელიც მიმართულია „უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის საფუძვლის ჩასაყრელად“.
„ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ კიევს მიეცემა უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები, რათა ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ, აღარ განმეორდეს და რათა ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს განიცდიან, უსაფრთხოდ იგრძნონ თავი“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
მელონის თქმით, ასეთი გარანტიები „უნდა განხორციელდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კონტექსტში“.
„ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო სტრუქტურა ისეთი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომელიც არ არის არც მყიფე, არც დროებითი და სწორედაც რომ თავიდან აგვარიდებს რისკს, რომ ევროპა მალე კვლავ ომის დრამაში ჩაიძიროს“, – აღნიშნა მელონიმ.
იტალიის პრემიერმა ასევე განაცხადა: „უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილებები ჩემთვის უფრო რთული და, გულწრფელად რომ ვთქვა, ნაკლებად ეფექტური ჩანს“.