იტალიის პოლიციამ ყალბი კოვიდსერტიფიკატების დამზადების ონლაინქსელი გამოააშკარავა
იტალიის პოლიციამ ყალბი კოვიდსერტიფიკატების დამზადების ონლაინქსელი გამოააშკარავა

იტალიის პოლიციამ ყალბი კოვიდსერტიფიკატების დამზადების ონლაინქსელი გამოააშკარავა. ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.

პოლიციის განცხადების მიხედვით, მილანში კიბერდანაშაულის გამოვლენის მიზნით პროკურატურასთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ათასობით ადამიანი მზად იყო, ფული გადაეხადა ყალბ საბუთებში.

კოვიდსერტიფიკატების გაცემა ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან დაიწყო. მისი მიზანი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის გამარტივების ხელშეწყობაა. სერტიფიკატი QR კოდს შეიცავს, რომელიც მოგზაურის იმუნიზაციის, ვირუსისგან გამოჯანმრთელების ან ვირუსზე უარყოფითი პასუხის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

პოლიციის განცხადებით, მათ ხელში ჩაიგდეს „ტელეგრამის“ ათი არხი, რომლებიც ე.წ. დარქ ვებში არსებულ ანონიმურ ანგარიშებთან იყვნენ დაკავშირებულნი. აღნიშნული არხების საშუალებით ხდებოდა ყალბი საბუთების გამყიდველებთან დაკავშირება, რომლებიც ფულთან ერთად გაყიდვებს კრიპტოვალუტებითაც ახორციელებდნენ.

გარდა ყალბი სერტიფიკატებისა, კიბერდამნაშავეები მომხმარებელს პაკეტ „ყველაფერი ჩართულია“-საც სთავაზობდნენ, რომლის ფასი 110 ევროდან 130 ევრომდე მერყეობდა და სერტიფიკატთან ერთად ვაქცინის ერთი დოზაც ერთვოდა. პოლიციის ინფორმაციით, აღმოჩენილია რამდენიმე ყალბი სერტიფიკატი, რომელიმე ვაქცინის გადაცემის შესახებ კი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

მილანის საგადასახადო პოლიციის კიბერთაღლითობის განყოფილების ხელმძღვანელის, ლუკა ბერუტის თქმით, ყალბი სერტიფიკატების როგორც გამყიდველებს, ისე მყიდველებს, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის გამოყენების მუხლით.

დატოვე კომენტარი