იტალიის პარლამენტის ორივე პალატამ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა
იტალიის პარლამენტის ორივე პალატამ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა

იტალიის პარლამენტის ორივე პალატამ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავისა“ და დემოკრატიული პარტიის კოალიციას მხარი 169 დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ კი 133 კანონმდებელი გამოვიდა.

მანამდე ჯუზეპე კონტეს მთავრობას მხარი დაუჭირა პარლამენტის ქვედა პალატამაც, თუმცა ქვედა პალატაში მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ და მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის კოალიციის წარმომადგენლებს ნახევარზე მეტი სავარძელი აქვთ დაკავებული. ამიტომ მათი მხარდაჭერა მოსალოდნელი იყო, განსხვავებით ზედა პალატისგან, სადაც ნდობის გამოცხადებისთვის ჟუზეპე კონტეს მემარცხენე პარტია „თავისუფლები და თანასწორების“ წევრების მხარდაჭერა დასჭირდა.

როგორც ცნობილია, მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავი“ და მემარცხენე ცენტრისტული დემოკრატიული პარტია წარსულში ოპონენტები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ქვეყნის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ წინა კოალიციიდან საკუთარი პარტია გაიყვანა, ოპონენტებმა ახალი კოალიციის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს.

დატოვე კომენტარი