იტალიის მთავრობა - იტალია მზადაა, შეუერთდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, თუმცა არა თავისი ტერიტორიის გარეთ
იტალია მზადაა, შეუერთდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, თუმცა არა თავისი ტერიტორიის გარეთ, – ამის შესახებ იტალიის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დროს, ჯორჯია მელონიმ ისაუბრა იტალიის წინადადებაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით,რომელიც ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი იქნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი მექანიზმი, შესაძლოა, „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პოლიტიკური კომპონენტის ძირითადი ელემენტი“ იყოს.
ამასთან, მელონის თქმით, იტალია უკრაინაში ჯარისკაცებს არ გაგზავნის, თუმცა დაადასტურა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის საზღვრებს გარეთ მონიტორინგისა და წვრთნების ინიციატივებით.
„მელონიმ მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბარში, რომლის დროსაც განიხილეს დღევანდელი შეხვედრის შედეგები და კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთო მიზანი – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. ამის მიღწევა მხოლოდ ისეთი მიდგომით არის შესაძლებელი, რომელიც აერთიანებს უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას, საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ სწრაფვას, რუსეთზე კოლექტიური ზეწოლის შენარჩუნებას, მათ შორის სანქციების საშუალებით, და მყარ და სანდო უსაფრთხოების გარანტიებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.