იტალიის „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ კანონმდებლებმა ევროპარლამენტში ევროკავშირის გადაიარაღების გეგმა გააპროტესტეს
იტალიის „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ კანონმდებლებმა ევროპარლამენტში ევროკავშირის გადაიარაღების გეგმა გააპროტესტეს

იტალიის პოპულისტური პარტიის, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ კანონმდებლებმა ევროპარლამენტში ევროკავშირის გადაიარაღების გეგმა გააპროტესტეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ევროპარლამენტში ევროპის უსაფრთხოებაზე დებატების დროს „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ დელეგაციის წევრებმა გამოფინეს პლაკატები წარწერებით „არა გადაიარაღებას“, „არა მეტ იარაღს“, „მეტი მუშაობა, ნაკლები იარაღი“.

მანამდეევროპარლამენტის დეპუტატმა, დანილო დელა ვალემ ევროკომისრის მაგიდასთან ევროკავშირისა და მშვიდობის დროშა მიიტანა.

მოგვიანებით, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მედიასთან განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია 800 მილიარდი ევროს დახარჯვა „ომის ეკონომიკის“ დასაგეგმად.

„აქ იმისთვის ვართ, რათა დავადასტუროთ, რომ არ გვინდა იარაღის ევროპა, ჩვენ გვინდა მშვიდობის ევროპა. ჩვენ არ შეგვიძლია, 800 მილიარდი ევრო დავხარჯოთ ომის ეკონომიკის დასაგეგმად. მოდით, ნუ მოვატყუებთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თქმით, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მეტი იარაღის შეძენით. მოდით, ვთქვათ სიმართლე, რომ ვქმნით უფრო მეტ დაუცველობას, რადგან ვაგზავნით სიგნალს არასწორი მიმართულებით და არა მშვიდობის, უსაფრთხოების, დიალოგისა და შუამავლობისკენ. ამის სანაცვლოდ ჩვენ ვაღვივებთ სამხედრო ესკალაციას. არც მეტი, არც ნაკლები. დღეს ფონ დერ ლაიენი და ყველა ევროპელი მმართველი ჩვენთვის ომის პერსპექტივის შექმნის რისკზე მიდიან“, – განაცხადა კონტემ და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპელებისთვის მართავს მოლაპარაკებას და საუდის არაბეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპაც უნდა დაჯდეს.

ევროპარლამენტში პროტესტი უკავშირდება ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ წარდგენილ გეგმას, რომელიც ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებასა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „ევროკავშირის გადაიარაღების გეგმით“ შესაძლებელი იქნება 800 მილიარდი ევროს მობილიზება.

გეგმის წინააღმდეგ პროტესტი „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრებმა სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობასთანაც გამოხატეს.

„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“ ევროპარლამენტში რვა დეპუტატი ჰყავს.