იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა სმარტფონების წამყვანი მწარმოებლები Apple-ი და Samsung-ი მომხმარებლის შეცდომაში მიზანმიმართულად შეყვანის გამო, თითოეული 5 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა თავისი გადაწყვეტილება დღეს გაასაჯაროვა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC-ი ავრცელებს.
სამსახურის განმარტებით, ორივე კომპანია სმარტფონების სისტემის განახლების პროგრამის მეშვეობით მომხმარებლის მიერ უკვე შესყიდულ სმარტფონებში ელემენტების მუშაობას ხელოვნურად ანელებდა, რითაც მომხმარებელს აზარალებდა.
იტალიელ მომხმარებელთა ჯგუფმა ანტიმონოპოლიურ სამსახურში იჩივლა, რომ სმარტფონების სისტემის განახლების შემდეგ, აპარატი შეფერხებით იწყებდა მუშაობას და მომხმარებელი იძულებული იყო ახალი ტელეფონი შეეძინა, რაც დამატებით ხარჯს იწვევდა. პარალელურად, არც Apple-ი და არც Samsung-ი მომხმარებელს არ აწვდიდა სათანადო ინფორმაციას განახლების სისტემის მოსალოდნელ შედეგზე და არც იმას განმარტავდა, თუ როგორ შეიძლებოდა ძველი სისტემის აღდგენა.
Apple-ს დამატებით კიდევ 5 მილიონი ევრო დაეკისრა იმის გამო, რომ კომპანია მომხარებელს არ აწვდიდა მკაფიო განმარტებას იმის თაობაზე, თუ როგორ შეეკეთებინა ან შეეცვალა პრობლემური სმარტფონის ელემენტი. საერთო ჯამში „აიფონების“ მწარმოებელს 10 მილიონი ევრო დაეკისრა.
გასულ წელს Apple-მა აღიარა, რომ „აიფონების“ სისტემაში შესაძლებელია ტელეფონის ელემენტის შენელების გამოწვევა, მაგრამ უარყო ბრალდება, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებდა. კომპანიამ ბოდიში მოიხადა და ელემენტის შეცვლის საფასური შეამცირა. გარდა ამისა, Apple-მა პირობა დადო, რომ ის დახვეწდა სმარტფონების პროგრამულ სისტემას.
რაც შეეხება Samsung-ის სმარტფონების პროგრამული სისტემის განახლებას, აქამდე მისი ვარგისიანობის საკითხი ეჭვქვეშ არ დამდგარა.