იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა
იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, რამდენიმე დღის განმავლობაში შინ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმფრინავში მასთან მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან.

აღნიშნულ პაციენტს, მაღალი თვითშეგნებისთვის იმნაძემ მადლობა გადაუხადა.

ამასთან, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 44 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აღენიშნება ტემპერატურა, 38.5 გრადუსზე მეტი.

„პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, 44 წლის მამაკაცი. თვითიზოლაციაში იმყოფებოდა კვირიდან დღემდე. ოჯახის წევრებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააკვირდება. ეს არის კლინიკურად მძიმე შემთხვევა, 38 ნახევარზე მეტი აქვს ტემპერატურა. აღენიშნება ქვედა სასუნთქი სისტემის მძიმე დაზიანება, რაც ახასიათებს ამ ვირუსს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისათვის 25 პაციენტია მოთავსებული.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ორს, ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორს კი – იტალიაში.