იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და იქ ექსკურსიებს 20 წლის განმავლობაში ატარებდა, ახლა მას პატიმრობა ემუქრება
იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და იქ ექსკურსიებს ატარებდა, ახლა მას პატიმრობა ემუქრება. იტალიის ვიჩენცის პროვინციაში ბოლო 20 წლის განმავლობაში დამთვალიერებლებს შეეძლოთ, ენახათ ე.წ. ბერიკის ზღვის ამფითეატრი, რომელიც, როგორც ადგილობრივი მცხოვრები ფრანკო მალოსო ამტკიცებდა, 2005 წელს, მეწყრის შემდეგ აღმოაჩინა.
ექსკურსიების სარეკლამო ბუკლეტებში ეწერა, რომ ამფითეატრი ჩვენი წელთაღრიცხვის IV–V საუკუნეებში იყო აგებული და თავის დროზე მას თავად იულიუს კეისარიც სტუმრობდა. სწორედ ამ ლეგენდაზე აგებდა მალოსო ბიზნესს. ტურისტებს ისტორიული ძეგლის დათვალიერებას 40 ევროდ სთავაზობდა. ექსკურსიები იმდენად პოპულარული გახდა, რომ „ბერიკის ზღვის ამფითეატრი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ოფიციალურ ტურისტულ გზამკვლევსა და მობილურ აპლიკაციაშიც კი მოხვდა.
თუმცა ისტორიის მცოდნეებს მალევე შეეძლოთ, ერთი მნიშვნელოვანი შეუსაბამობა შეემჩნიათ: იულიუს კეისარი თითქმის 400 წლით ადრე ცხოვრობდა, ვიდრე, ლეგენდის მიხედვით, ამფითეატრი აშენდებოდა. როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დიდი თაღლითობისა. სინამდვილეში, „ანტიკური“ ამფითეატრი თავად მალოსომ 2000-იანი წლების დასაწყისში ააშენა. მას შემდეგ, რაც პოლიციას ობიექტის ნამდვილ წარმომავლობაზე ეჭვი გაუჩნდა, სამართალდამცველებმა სატელიტური ფოტოები შეისწავლეს და საქმეში არქეოლოგებიც ჩართეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მალოსომ ერთ-ერთი ადგილობრივი ბორცვი გაასწორა და იქ „უძველესი“ ნაგებობა შელესილი ბლოკების და მინის ბოჭკოს გამოყენებით აღმართა.
საქმის განხილვა 2016 წლიდან მიმდინარეობდა. სასამართლომ საბოლოოდ თაღლითს უკანონო მშენებლობისა და ხელოვნების ნიმუშების გაყალბებისთვის 28 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, მას 3 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა, თუმცა რეგიონის ხელისუფლება ბევრად უფრო დიდ კომპენსაციას ითხოვს – 560 ათას ევროს.