იტალიაში წყალმოვარდნისას ეროვნული პარკის ვიზიტორები დაიღუპნენ
იტალიაში წყალმოვარდნისას ეროვნული პარკის ვიზიტორები დაიღუპნენ

იტალიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს კი ამ დრომდე ეძებენ. BBC-ის ცნობით, ისინი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კალაბრიას რეგიონში არსებულ პოლინოს ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ, როდესაც ძლიერი წვიმის შედეგად წყალმოვარდნის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხეობაში ტურისტების სამი ჯგუფიდან 18 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. მათ შორის იყო 10 წლის ბიჭი. ევაკუირებულებიდან 6 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, თუმცა ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამაშველო ოპერაციები ეროვნულ პარკში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მათთვის უცნობია, რამდენი ადამიანია დაკარგული.