იტალიაში ვიზიტის ფარგლებში მარკო რუბიო ჯორჯია მელონისა და ანტონიო ტაიანის შეხვდა
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში მარკო რუბიო ჯორჯია მელონისა და ანტონიო ტაიანის შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რომში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ანტონიო ტაიანის შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში რუბიომ სიმბოლური საჩუქარიც მიიღო – თავისი ოჯახის გენეალოგიური ხე, რომლის ფესვები პიემონტის რეგიონამდე მიდის, კონკრეტულად კი, ქალაქ კაზალე მონფერატომდე. სწორედ ამ ქალაქის მუნიციპალურ და საეკლესიო არქივებში ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგადაც შეადგინეს მისი გენეალოგიური ხე.

„ეს ნამდვილი პატივია და განსაკუთრებული მომენტი, მივიღო ყველა ეს ინფორმაცია. საოცარი გამოცდილებაა და კიდევ ერთი მიზეზი, მალე დავბრუნდე, რეგიონი გავიცნო, წარსულს დავუკავშირდე და ვიმედოვნებ, ეს ასევე იქნება შთაგონება, როგორ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ მომავალში“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ იტალიური ჯერ კარგად არ იცის, რადგან ენის სწავლის აპლიკაცია შეუჩერდა და ვერ განაახლა და პირობა დადო, შემდეგ ვიზიტზე იტალიურად წარმოთქვამს სიტყვას.

„როგორც იცით, ესპანურად ვსაუბრობ, რაც ძალიან ჰგავს იტალიურს. ვვარჯიშობ იტალიურში, მაგრამ ჩემი Babbel-ის (ენების შემსწავლელი აპლიკაციის) გამოწერის ვადა ამოიწურა, ამიტომ ახლა უნდა განვაახლო გამოწერა, რომ გავაგრძელო მუშაობა. შემდეგ ჯერზე, როცა დავბრუნდები, როდესაც ერთად წავალთ შეხვედრებზე, ყურსასმენებსაც კი არ გამოვიყენებ. მე ყველაფერი მესმის, ახლა უბრალოდ უნდა ვისწავლო, როგორ გიპასუხოთ ამ ენაზე. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა დავბრუნდები, იტალიურად წარმოვთქვამ სიტყვას“,- აღნიშნა მარკო რუბიომ.