იტალიაში, სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატი მოიპარეს

18:45, 16.08.2026

იტალიაში, სიცილიაზე მდებარე მუზეუმიდან რენესანსის პერიოდის ოთხი ნახატი მოიპარეს.

ქვეყნის კულტურის მინისტრის განცხადებით, ნამუშევრებს „განსაკუთრებული ღირებულება“ აქვს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დაადგინონ, როგორ შეძლეს მძარცველებმა მუზეუმში შეღწევა ისე, რომ სიგნალიზაცია არ ამოქმედებულა და ვინ დგას დანაშაულის უკან.

მუზეუმის დირექტორის, მარიზა მერკურიოს განცხადებით, ქურდობა შაბათს, დაახლოებით 21:50 საათზე მოხდა. მისი თქმით, „მომხდარი შოკისმომგვრელია“ და ეს დიდი დანაკარგია არა მხოლოდ მუზეუმის, არამედ მთელი ხელოვნების სამყაროსთვის.

ცნობისთვის, გუშინ იტალიის პოლიციამ რამდენიმე თვის წინ მოპარული სამი ძვირად ღირებული ნახატი მუზეუმში დააბრუნა. ფრანგი მხატვრების – სეზანის, რენუარისა და მატისის ნამუშევრები, რომელთა საერთო ღირებულება ცხრა მილიონი ევროა, 22 მარტს, ღამით ქალაქ პარმასთან მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ევროპის მუზეუმების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გასული წლის ბოლოს გახდა, როდესაც ლუვრიდან მძარცველებმა დაახლოებით 88 მილიონი ევროს ღირებულების ისტორიული სამკაულები მოიპარეს.

მსგავსი