იტალიაში სააღდგომო დღესასწაულისთვის სამდღიანი მკაცრი კარანტინი ამოქმედდა
იტალიაში სააღდგომო დღესასწაულისთვის სამდღიანი მკაცრი კარანტინი ამოქმედდა

სააღდგომო დღესასწაულისთვის იტალიაში სამდღიანი მკაცრი კარანტინი ამოქმედდა.

„ბიბისის“ ცნობით, ქვეყნის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა. აკრძალულია განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე გადაადგილება. დახურულია არასასურსათო მაღაზიები, კაფეები და რესტორნები კი მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობენ.

სააღდგომო სადილზე დასაშვებია ოჯახში მხოლოდ ორი ადამიანის სტუმრობა. ეკლესიები ღიაა, თუმცა მომლოცველებს მოუწოდეს სასულიერო მსახურებას საკუთარ რეგიონებში დაესწრონ. უკვე მეორედ, რომის პაპი ფრანცისკე სააღდგომო მესას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე აღავლენს.

აღდგომის შემდეგ იტალიის ზოგიერთ რეგიონში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, თუმცა გარკვეული ამკრძალავი ზომები თვის ბოლომდე დარჩება ძალაში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 21 932 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 481 ადამიანი. ქვეყანაში პანდემიის განმავლობაში ვირუსს სულ 110 328 ადამიანი ემსხვერპლა. რეგისტრირებულია ინფიცირების 3,6 მილიონი შემთხვევა.