იტალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გაიმართა
იტალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრების და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა გაიმართა იტალიის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან.

უწყების ცნობით, ხაზი გაესვა სახელმწიფოს და დიასპორის შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემების გადაჭრის მიზნით, ასევე აღინიშნა.

„შეხვედრაში მონაწილე იტალიაში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მთავრობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თანადგომისთვის და დახმარებისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა ქალაქ ბარიში ახალი გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საკონსულო მომსახურებას.

მინისტრის მოადგილემ სისტემატური გასვლითი საკონსულო მომსახურების დაწყება დააანონსა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კვლავ გაუსვეს ხაზი მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრები კვლავ გაგრძელდება“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.