იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი ბიოენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიის, Cavallari-ს წარმომადგენლებს შეხვდა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბიოენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიის, Cavallari-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ბიოენერგიის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის, ბიომეთანის წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების ეფექტიანი გამოყენების საკითხები განიხილეს.
მინდა, „ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მინისტრს და დელეგაციის წევრებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენი წარმოებით, რომელიც სიახლეა. მოხარულები ვიქნებით, თუ მომავალში მოგვეცემა შესაძლებლობა, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ“, – აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მათეო კავალარიმ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქართული მხარე წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
„საუბარი შეეხო საქართველოში ანალოგიური ბიოენერგეტიკული პროექტების განვითარების პოტენციალს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით სარგებელს, მათ შორის ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას, სათბური გაზების ემისიების შემცირებას და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების განვითარებას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩი თეოდორიკო ნანი, ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია და სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი იმყოფებოდნენ.