იტალიაში „G20“-ის მინისტერიალი მიმდინარეობს
იტალიაში „G20“-ის მინისტერიალი მიმდინარეობს

იტალიაში, ორწლიანი პაუზის შემდეგ „G20“-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი განახლდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრები იტალიის ქალაქ მატერაში, ერთდღიან სამიტზე გლობლალური ჯანდაცვის, კლიმატური ცვლილების და საერთაშრისო ვაჭრობის საკითხებს განიხილავენ.

ადგილზე აშშ-ის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ინდოეთის პირველი დიპლომატები იმყოფებიან, ხოლო ჩინეთის, ბრაზილიისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრები სამიტში ვიდეო ფორმატით ჩაერთვებიან. სამხრეთ კორეა და რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებით არიან წარმოდგენილი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, სამიტზე ჩინეთისა და რუსეთის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის ვაქცინების შეთავაზების საკითხს წამოწევს.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აქცენტი გააკეთა ვაქცინების შედარებით ღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდებაზე და განაცხადა, რომ პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია ვაქცინის დიდი რაოდენობის სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდება.

ექსპერტების შეფასებით, სამიტში მონაწილე ქვეყნების სიმრავლიდან გამომდინარე, საერთო შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, თუმცა ის ფაქტი, რომ მინისტრებმა პირადი შეხვედრები განაახლეს, სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია.

„G20“-ის ქვეყნებზე მსოფლიო შიდა პროდუქტის 80 პროცენტი, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტი და მოსახლეობის 60 პროცენტი მოდის.