იტალიაში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ და მსვლელობით რომისკენ მიემართებიან
იტალიაში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ და მსვლელობით რომისკენ მიემართებიან

იტალიაში ფერმერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ფერმერები ტრაქტორებით საპროტესტო მსვლელობით რომისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეებს იტალიის დროშები და ბანერები აქვთ წარწერით: „არა ფერმერი – არა საკვები“.

ფერმერების მოთხოვნებს შორის არის უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვა, რადგან ამ ქვეყნებს არ უწევთ ევროპული რეგულაციებისა თუ სტანდარტების დაცვა, შესაბამისად, პროდუქტს ევროპაში იაფად ყიდიან. ამასთან, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ითხოვენ საწვავის ღირებულების შემცირებას და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შერბილებას. კერძოდ, საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც ფერმერებს ავალდებულებს, დაუმუშავებელი დატოვოს კუთვნილი მიწის ოთხი პროცენტი, რათა ბიომრავალფეროვნება იყოს შენარჩუნებული. ამასთან, იტალიელი ფერმერები ითხოვენ 2017 წელს შემოღებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათის აღდგენას, რომელიც მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტის კანონიდან ამოიღო.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალიამ უფრო მეტი გააკეთა ფერმერების მხარდასაჭერად, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთმა მეზობელმა ქვეყანამ.

„რა თქმა უნდა, გაუმჯობესების ადგილი ყოველთვის არის და მე ყოველთვის მზად ვარ, მოვუსმინო მათ მოთხოვნებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მელონიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ შეინარჩუნა საწვავის სუბსიდიები ფერმერებისთვის და გაზარდა სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხები ხუთი მილიარდიდან რვა მილიარდ ევრომდე.