იტალიაში ანტიფაშისტურმა ჯგუფებმა და ულტრამემარჯვენეებმა დემონსტრაციები გამართეს
იტალიაში ანტიფაშისტურმა ჯგუფებმა და ულტრამემარჯვენეებმა დემონსტრაციები გამართეს

იტალიის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მილანში ანტიფაშისტურმა ჯგუფებმა და ულტრამემარჯვენეებმა დემონსტრაციები გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციამ ანტიფაშისტური აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, როდესაც მემარცხენეებმა კორდონის გარღვევა სცადეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მილანის ცენტრალურ მოედანზე ევროსკეპტიკური პარტიის „ჩრდილოეთის ლიგის“ აქციის გათვალისწინებით, ქალაქში გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დაცვა მოქალაქეების წმინდა ვალდებულებაა.

ანალოგიური საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა რომსა და პალერმოში. დედაქალაქში მომიტინგეებს შეუერთდა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი. „ფაშიზმი აღარასდროს განმეორდება“ – ასეთი იყო აქციის ლოზუნგი.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იტალიაში ანტიფაშისტურ და ულტრამემარჯვენე ჯგუფებს შორის შეტაკებები გახშირდა.

22 თებერვალს ტურინში ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე აქტივისტებს შორის შეტაკებებისას რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

არეულობით დასრულდა „ჩრდილოეთ ლიგის“ მსვლელობა 23 თებერვალს ქალაქ პიზაში.

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 4 მარტს არის დაგეგმილი.