იტალიაში აღდგენილი ქართული ხელნაწერები კვლავ „პროპაგანდა ფიდეს“ არქივს დაუბრუნდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, 8 დეკემბერს ქართული დელეგაცია ვატიკანში გაემგზავრება.
როგორც სოსიაშვილმა პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, იტალიაში გაიმართება აღდგენილი ქართული ხელნაწერების ლაბორატორიიდან გადმოტანის ცერემონია და ის კვლავ „პროპაგანდა ფიდეს“ არქივს დაუბრუნდება.
„8 დეკემბერს ქართული დელეგაცია მიემგზავრება ვატიკანში. რამდენიმე წლის წინ რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა სამწლიანი კვლევითი პროექტი, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება. უკვე ორტომიანი ნაშრომი მზად არის და ძალიან მალე აიტვირთება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე. გარდა ამისა, ვატიკანის „პროპაგანდა ფიდეს“ არქივში დაცული ქართული ხელნაწერები იყო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. პრაქტიკულად, ნადგურდებოდა უკვე სიძველის, გარკვეული დროის ფაქტორიდან გამომდინარე. ბიზნესმენ თამაზ ბექაიას ფონდმა იტვირთა ამ ქართული ხელნაწერების გადარჩენის ამბავი, დაიწყო ქართული ხელნაწერების რესტავრაციის პროცესი. 8-9 დეკემბერს იტალიაში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში იქნება აღდგენილი ქართული ხელნაწერების ლაბორატორიიდან გადმოტანის ცერემონია. კვლავ „პროპაგანდა ფიდეს“ არქივში დაიდებს ბინას აღდგენილი ქართული ხელნაწერების ოთხი ტომი, მათ შორის ჩვენი მეფეების მიერ გაგზავნილი წერილები, სულხან-საბა ორბელიანის წერილები. ვფიქრობ, ძალიან დიდი, საშვილიშვილო საქმეა. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც ამ არქივში არსებულ უცნობი ქართული ხელნაწერების გამოვლენას და საზოგადოებისათვის მიწოდებას ისახავს მიზნად. ამას პერიოდულად კომიტეტზე გავაჟღერებთ ხოლმე“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.