იტალიას ევროვიზიაზე ალესანდრო მაჰმუდი წარადგენს

იტალიაში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შიდაშესარჩევი ტური დასრულდა.

24 კონკურსანტს შორის „სან რემოს“ 2019 წლის გამარჯვებული, 27 წლის ალესანდრო მაჰმუდი შეირჩა. „ფული“ (Soldi) – ასე ჰქვია სიმღერას, რომლითაც ახალგაზრდა მომღერალი თელ ავივში ევროფესტივალზე პირველობისთვის იბრძოლებს.

„ფული ქაღალდის ნაჭერია, თუმცა მას დიდი მატერიალური მნიშვნელობაც აქვს. ჩემს სიმღერაში მოგიყვებით, თუ როგორ შეუძლია მას ოჯახში ურთიერთობების შეცვლაც“, – განაცხადა იტალიის წარმომადგენელმა.

კონკურსში ევროფესტივალის მაყურებლისთვის კარგად ცნობილი მუსიკალური ჯგუფი „ილ ვოლო“ (il volo) მონაწილეობდა. მათ „სან რემოს“ ფინალურ ტურში მესამე ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, იტალია დიდი ხუთეულის წარმომადგენელია და ალესანდრო მაჰმუდი პირდაპირ გრანდიოზულ ფინალში, 18 მაისს იმღერებს.