იტალიამ და მალტამ ჰუმანიტარულ გემზე მყოფი მიგრანტის მიღებაზე უარი განაცხადეს
იტალიამ და მალტამ ჰუმანიტარულ გემზე მყოფი მიგრანტის მიღებაზე უარი განაცხადეს

იტალიამ და მალტამ ჰუმანიტარულ გემზე მყოფი მიგრანტის მიღებაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ იუწყება.

გემ „აკვარიუსის“ ბორტზე მყოფი 141 მიგრანტი გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის წევრებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში გადაარჩინეს. რის შემდეგაც ორგანიზაციის წევრებმა ევროპულ სახელმწიფოებს რომელიმე პორტში შეშვება და მიგრანტების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა 12 აგვისტოს სთხოვეს.

ამ მომენტისთვის მიგრანტებით სავსე გემი ხმელთაშუა ზღვაში, მალტასა და იტალიას შორის იმყოფება და ევროპული სახელმწიფოებისგან შემდგომ მითითებებს ელის.

ივლისში ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის კუთვნილ გემს, რომელზეც 629 მიგრანტი იმყოფებოდა, იტალიის ახლად არჩეულმა მთავრობამ პორტები ჩაუკეტა და გადარჩენილი მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა.

ოფიციალურმა რომმა ორგანიზაცია არალეგალურ იმიგრაციაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, ბორტზე მყოფი 629 მიგრანტის მიღებაზე ერთდროულად რამდენიმე ევროპული სახელმწიფო შეთანხმდა.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია SOS Mediterranee-ის კუთვნილი გემი აკვარიუსი ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში სამაშველო ოპერაციებს 2016 წლის შემდეგ ატარებს.

ამ ხნის განმავლობაში, გერმანულმა ორგანიზაციამ 29 ათასი ადამიანი გადაარჩინა. მათი დიდი ნაწილი აფრიკელი მიგრანტი იყო.