იტალია 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე თანახმაა. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე და ფინანსთა მინისტრი ჯოვანი ტრია ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან კლოდ იუნკერს შეხვდნენ.
შეხვედრის დროს იტალიის დელეგაციამ, 2019 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი წარადგინა, რომელშიც ცვლილებებია შეტანილი. კანონპროექტს ახლა იტალიის პარლამენტი განიხილავს.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ იტალიასთან მიმართებაში კარგ პროგრესს მიაღწიეს.
მანამდე ევროკავშირში აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იტალია ბიუჯეტის სადავო პროექტს არ შეცვლიდა, რომის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დაწესებულიყო.
ევროკომისიის ინფორმაციით, იტალიის 2019 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციებთან შეუსაბამოა, რადგან დეფიციტის მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-მდეა გაზრდილი.