იტალია სატრანზიტო ქვეყნებში მიგრანტებისთვის ცენტრების შექმნის ინიციატივით გამოვიდა
იტალია სატრანზიტო ქვეყნებში მიგრანტებისთვის ცენტრების შექმნის ინიციატივით გამოვიდა

იტალია სატრანზიტო ქვეყნებში მიგრანტებისთვის ცენტრების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. სპეციალური საერთაშორისო ცენტრები ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების დაცვისთვის იქნება განკუთვნილი. აღნიშნული წინადადებით იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ბრიუსელში, თემატურ საგანგებო სამიტზე კოლეგებს მიმართა.

არაფორმალური სამიტის დაწყებამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იტალიას საიმიგრაციო კრიზისის დაძლევისთვის ახალი დოკუმენტი აქვს, რომელიც პრობლემის მოგვარების ახალ პარადიგმაზეა დამყარებული. დოკუმენტში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის საიმიგრაციო პრობლემის პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილების აუცილებლობაზეა საუბარი.

იტალია დუბლინის შეთანხმების შეცვლას ცდილობს, რომლის მიხედვითაც, ევროპის ტერიტორიაზე შესულ მიგრანტებზე პასუხისმგებლობას ის ქვეყანა იღებს, რომელშიც მიგრანტები პირველად ჩადიან.

ბრიუსელში ევროკავშირის საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანების 16 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო კვირას, ევროკავშირის სამიტზე წევრი სახელმწიფოების ლიდერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრული შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.