იტალია საფრანგეთთან საზღვარზე სამართალდამცავებს გააგზავნის
იტალია საფრანგეთთან საზღვარზე სამართალდამცავებს გააგზავნის

იტალია საფრანგეთთან საზღვარზე სამართალდამცავებს გააგზავნის. როგორც რომში განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის ოფიციალური პირების ძალადობრივი ქმედებების გამო მიიღეს. იტალიელი მესაზღვრეები ამტკიცებენ, რომ ფრანგ კოლეგებს მიგრანტები იტალიის ტერიტორიაზე ისე გადაჰყავთ, რომ მათი საბუთების შემოწმება საზღვარზე ვერ ხერხდება.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორც შედის ფრანგი მესაზღვრე ალპებში მდებარე იტალიური სოფლის ტერიტორიაზე და იქ აფრიკელი მიგრანტების ჯგუფს ტოვებს.

სალვინის განცხადებით, მსგავსი ქმედებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დაძაბავს და სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

„იტალია ლტოლვილთა ბანაკი აღარ არის“, – განაცხადა მატეო სალვინიმ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ უახლოეს ხანში იტალიელ კოლეგებთან ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართება.
საფრანგეთი ყოველწლიურად ასობით თავშესაფრის მაძიებელს აბრუნებს იტალიაში, რადგან ევროკავშირში მოქმედი დუბლინის შეთანხმების მიხედვით, მიგრანტმა თავშესაფარი იმ ქვეყანას უნდა სთხოვოს, სადაც პირველად ჩადის.