ისრაელში შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა საქართველოსა და უკრაინაშიც იგეგმება
ისრაელში შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა საქართველოსა და უკრაინაშიც იგეგმება

ისრაელი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოცდას საქართველოსა და უკრაინაშიც აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ისრაელი აშშ-ში ბაზირებულ „ენარიქს ფარმაცევტიკალსთან“ პარტნიორობით აპირებს გამოცადოს ისრაელის მიერ შექმნილი ვაქცინა „ბრლაიფი“.

„ენარიქსისა“ და ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ცნობით, მათ უკვე გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ვაქცინის მთელ მსოფლიოში წარმოებისა და მარკეტინგის უფლებებს აერთიანებს.

„ენარიქსის წარმომადგენელთა თქმით, უკვე დაგეგმილია, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის მეორე და მესამე ფაზები ისრაელში, საქართველოსა და უკრაინაში ჩატარდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტროში, რომელიც ბიოლოგიურ ინსტიტუტს ზედამხედველობს, განაცხადეს, რომ ცდებში ათი ათასობით მოხალისე ჩაერთვება.

როგორც „ენარიქსში“ ამბობენ, მათი ვაქცინა „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მიერ წარმოებული ვაქცინისგან განსხვავებული ტექნოლოგიით არის დამზადებული. ის ცოცხლი ვირუსის საფუძველზეა შექმნილი. ამ დროისთვის, მსგავსი ტექნოლოგიით შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ში ავტორიზებული არ არის.