ქართველი მეცნიერები წმინდა მიწაზე საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლას იწყებენ
ქართველი მეცნიერები წმინდა მიწაზე საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლას იწყებენ

ქართველი მეცნიერები წმინდა მიწაზე საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლას იწყებენ, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელის მიწაზე უძველესი ქართული კვალის ძიებისა და კვლევის ისტორიაში 2019 წელი ახალი აღორძინების დასაწყისია.

„ქართველ მეცნიერებს დღეს საშუალება მიეცათ, უშუალოდ ადგილზე მოიძიონ და შეისწავლონ ჩვენ დიდ წინაპართა ფასდაუდებელი ღვაწლის ნაშთი წმინდა მიწაზე. მოგახსენებთ, რომ ამ წლის 19-21 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით დაარსებული „ქართულ-პოლონური მულტი-დისციპლინური ცენტრის“ წარმომადგენლებმა, შეძლეს პირველი და მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის, ქ. იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში შემონახული უძველესი ქართული წარწერების შესწავლის საქმეში (წლების წინ მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესწავლილი).

საქართველოს საელჩოს უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა ზემოთ ხსენებული ცენტრის წარმომადგენელთა პირველი ვიზიტი ისტორიულ ადგილზე და საქმიანი შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს სიძველეთა დაცვის ორგანიზაციასთან. კერძოდ, საგარეო ურთიერთობათა და არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორთან პროფესორ ჯონ სილეგმანთან და ფრანცისკანული მონასტრის („გაშოლტვის ტაძარი“, რომლის პატრონაჟის ქვეშაა ბირ-ელ-ყუტის მონასტერი) მესვეურებთან“, – ნათქვამიასაელჩოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო ხსენებული ისტორიული ძეგლის შემსწავლელი ერთობლივი ექსპედიციის ორგანიზება, რაზეც მასპინძელმა მხარემ დელეგაციას თანხმობა და სრული თანადგომა აღუთქვა. დაისახა პროექტის განსახორციელებელი პირველი ნაბიჯები.

„საქართველოს დელეგაციას აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოადგენდნენ ბატონები: ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი; პაატა გაფრინდაშვილი, ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე; გიორგი გაგოშიძე, ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი; ქალბატონი თამარ წერეთელი, ეროვნული სააგენტოს იუნესკო-სა და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სპეციალისტი და „ქართულ-პოლონური მულტიდისციპლინური ცენტრის“ ხელმძღვანელი ბატონი რადოსლავ კარასევიჩი“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

საელჩო აქვეყნებს მოკლე საინფორმაციო ცნობასაც ბირ-ელ-ყუტის ტაძარზე: ბირ -ელ-ყუტი – V საუკუნის ქართული მონასტერი იერუსალიმში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით. ააშენა პეტრე იბერმა დაახლოებით 444 წელს. აღნიშნული ქართული მონასტერი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ.