ისრაელში, ქალაქ აშდოდში მე-6 საუკუნის ქართული ეკლესიის მოზაიკური იატაკის ნაშთები აღმოაჩინეს
ისრაელში, ქალაქ აშდოდში მე-6 საუკუნის ქართული ეკლესიის მოზაიკური იატაკის ნაშთები აღმოაჩინეს

ისრაელში, ქალაქ აშდოდში არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობისას, თელ-ავივისა და ლაიფციგის უნივერსიტეტების არქეოლოგების ჯგუფმა, მე-6 საუკუნის ქართული ეკლესიის მოზაიკური იატაკის ნაშთები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, იატაკზე აღმოჩენილი უნიკალური წარწერა იუწყება, რომ ეკლესია ქართველ ქრისტიანებს აუშენებიათ, რასაც მიუთითებს წელთაღრიცხვის განსაკუთრებული სისტემა, რომელსაც ძველ საქართველოში იყენებდნენ.

მეცნიერების შეფასებით, წარწერა დაუზიანებლადაა შემონახული.

იატაკზე არსებული ბერძნული მემორიალური წარწერა ეპისკოპოს პროკოფის ეძღვნება, რომელსაც აუგია კიდეც ეკლესია. მშენებლობის თარიღი კი მოზაიკაზე ქართული კალენდრის მიხედვითაა დატანილი.

მეცნიერების გუნდის შეფასებით, თარიღი, რომელიც წელთაღრიცხვის განსაკუთრებული სისტემითაა აღნიშნული, ქრისტეშობიდან 539 წელს შეესაბამება. ეს აღმოჩენა ქართული კალენდრის უძველესი ნიმუშია.

არქეოლოგების თქმით, მემორიალურ წარწერაზე აღნიშნული თარიღი ბევრად უსწრებს პერიოდს, ვიდრე წელთაღრიცხვის ეს სისტემა თავად საქართველოში გამოჩნდებოდა.

მკვლევარების ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი საარ განორი აღნიშნავს, რომ აშდოდი ქართული წარმომავლობის ებრაელებისთვის სახლად მიიჩნევა. თუმცა, მისივე თქმით, ეკლესიას ისრაელის სანაპიროზე პირველად მიაგნეს.

არქეოლოგის თქმით, როგორც ჩანს, აშდოდი ქართველების ინტერესით მაშინაც სარგებლობდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, პეტრე იბერიც გარდაცვალებამდე აშდოდში ცხოვრობდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ეკლესიის მოზაიკური იატაკის აღმოჩენა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იბერის გავლენას ისრაელის სანაპირო ქალაქზე.

ქალაქ აშდოდში არქეოლოგიური გათხრები 2013 წელს დაიწყო.