ისრაელში ცნობილი პოლიტიკოსი ციპი ლივნი პოლიტიკურ კარიერას ასრულებს
ისრაელში ცნობილი პოლიტიკოსი ციპი ლივნი პოლიტიკურ კარიერას ასრულებს

ცნობილმა პოლიტიკოსმა, ისრაელის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ციპი ლივნიმ პოლიტიკური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ლივნის თქმით, იგი აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ციპი ლივნი 2006-2009 წლებში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროსაც, იყო მოსადის უმცროსი ოფიცერი.

ლიბერალური მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკის მიმდევარი ციპი ლივნი ისრაელის მხრიდან პალესტინელებთან მთავარი მომლაპარაკებელი იყო. სამშვიდობო მოლაპარაკებები მრავალწლიანი კონფლიქტის დარეგულირებას ისახავდა მიზნად, თუმცა 2014 წელს ჩაიშალა.

„ვტოვებ პოლიტიკას, თუმცა არ მივცემ უფლებას ისრაელს, დაკარგოს მშვიდობის იმედი“, – განაცხადა ციპი ლივნიმ თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ბოლო წლები ჩემთვის რთული აღმოჩნდა. ყველაფერი ის, რისიც მჯეროდა, გაბითურდა – მიღებული ღირებულებების სისტემა სადავო გახდა, მშვიდობა ბინძური სიტყვა გახდა, დემოკრატია საფრთხეში აღმოჩნდა, მთავრობის პოზიციისგან განსხვავებული პოლიტიკური ხედვა კი ლანძღვად იქცა“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

ისრაელში არჩევნები 9 აპრილს არის დანიშნული. ამის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ახალი სამშვიდობო გეგმის წარდგენას აპირებს.