ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ის ვაქცინები ქალთა ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს — #1tvმეცნიერება
ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ის ვაქცინები ქალთა ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს — #1tvმეცნიერება

ისრაელში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ს ვაქცინები კვერცხუჯრედის ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს.

„ვაქცინა დანამდვილებით არ არღვევს კვერცხუჯრედის აქტივობას. ეს კვლევა პირველია, რომელიც ძალიან ობიექტურ საზომს და მტკიცებულებას გვთავაზობს უარყოფითი ეფექტების ნაკლებობის შესახებ, რომლებიც შეიძლება ვაქცინას კვერცხუჯრედის ფუნქციაზე ან ნაყოფიერებაზე ჰქონოდა“, — ამბობს ისრაელის შებას სამედიცინო ცენტრის ქალთა და ორსულთა განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი იარონ რაბინოვიჩი.

კვლევა შებას სამედიცინო ცენტრში ჩატარდა თელ-ავივის უნივერსიტეტის საკლერის სამედიცინო სკოლასთან თანამშრომლობით.

კვლევაში 18-დან 42 წლამდე ასაკის 200 ქალი მონაწილეობდა; მათ ანტიმიულერის ჰორმონის (AMH) დონე შეუმოწმეს. ეს ჰორმონი ქალის კვერცხუჯრედის ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების შეფასების საიმედო საზომად მიიჩნევა.

ქალებს ტესტი ჯერ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზის მიღებამდე ჩაუტარეს, შემდეგ კი სამი თვის შემდეგ, როცა მათ უკვე მეორე დოზაც ჰქონდათ გაკეთებული. მონაწილეებს ასევე მოეთხოვებოდათ კითხვარის შევსება მენსტრუალური ციკლისა და შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ.

კვლევის დასკვნით ნაწილამდე 129 ქალი მივიდა; ზოგიერთი დაფეხმძიმდა, ზოგიერთი კი ვირუსით დაინფიცირდა. ფინალური კოჰორტის წარმომადგენელ ყველა ქალში AMH ჰორმონის დონე უცვლელი იყო.

„კორონავირუსის mRNA ვაქცინების გამოყენების დაწყების შემდეგ, ზოგიერთს გაუჩნდა შიში, რომ შვილოსნობის უნარის ასაკის ქალებში მას შეიძლება კვერცხუჯრედის ფუნქცია დაეზიანებინა და მომავალში უშვილობა გამოეწვია. ამ საკითხით შეშინებულმა ბევრმა ქალმა და დედამ მოგვმართა. ეს მოწინავე კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინა ქალის ნაყოფიერების დონეზე გავლენას არ ახდენს“, — ამბავს პროფესორი რაბინოვიჩი.

თუმცა, როგორც კვლევის ავტორები ასკვნიან, მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილე ვაქცინირებულებს სამი თვის თავზე COVID-19-ის ანტისხეულების მომატებული მაჩვენებელი ჰქონდათ, ანუ ვირუსისგან დაცულნი იყვნენ, ვერ აღმოაჩინეს კავშირი ანტისხეულების დონესა და ჰორმონ AMH-ის დონეს შორის.

„ვასკვნით, რომ SARS-CoV-2-ის mRNA ვაქცინები სამი თვის თავზე არ არის დაკავშირებული კვერცხუჯრედული რეზერვის შემცირებასთან“, — წერენ მკვლევრები.

რაბინოვიჩ დასძენს იმასაც, რომ პირადად ის შებას სამედიცინო ცენტრში რეპროდუქციის პრაქტიკოსი სპეციალისტია და მრავალი ორსული, რომელსაც ის ხედავს, გასული წლის განმავლობაში ვაქცინირებულია.

მისივე განცხადებით, ამ კვლევამ ქალები ვაქცინაციისკენ უნდა შეაგულიანოს, რადგან ის არავითარ ზიანს არ აყენებს კვერცხუჯრედებს.

„სამაგიეროდ ვიცით, რომ ორსულობის დროს კოვიდით ინფიცირებას სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია ქალისა და ნაყოფისთვის. ასევე ვიცით, რომ ვაქცინირებულ ქალებს ნორმალური ორსულობა აქვთ“, — აღნიშნავს რაბინოვიჩი.

იმ ქალებს, რომლებიც მომავალში დაორსულებას აპირებენ ან გოგონების დედები არიან და არასანდო ინფორმაციები ხშირად აშფოთებთ, პროფესორი მოუწოდებს, რომ ამ კვლევას ჩახედონ.

კვლევა ჟურნალ Human Reproduction-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Jerusalem Post-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი