ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებული სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყო
ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებული სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყო

ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინ სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყო. საზეიმო აქტივობების ფარგლებში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მასპინძლობდა, ქვეყნების წარმომადგენლობების უმეტესობა არ მივიდა.

აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში დღეს გახსნიან. ეს ცვლილება გასული წლის დეკემბერში დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მოსდევს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე, რომელსაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი სტივენ მნუჩინი, ასევე პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სხვა ქვეყნებს ვაშინგტონის მიბაძვისკენ მოუწოდა.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, დაპატიჟებული იყო 86 ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, თუმცა მიწვევაზე დასტური მხოლოდ 33 საელჩოსგან მიიღეს.