ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ზავის შესახებ, ეგვიპტესა და ისრაელს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ზავის შესახებ, ეგვიპტესა და ისრაელს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის მიღწეული ზავის შესახებ, ეგვიპტესა და ისრაელს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ აქვეყნებს.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი, სამეჰ შუქრი ისრაელელ კოლეგას, გაბი აშკენაზის ხვდება, რომელზეც მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების და დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ დაკავებული ებრაელი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების გათავისუფლების საკითხებს განიხილავენ.

გარდა ამისა, თელ-ავივიში გაემგზავრა ეგვიპტის დაზვერვის სამსახურის უფროსი, აბას ქამელი. ქამელი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და პალესტინის ხელისუფლების წარმომაგდენლებთან გამართავს შეხვედრებს, რომელზედაც ღაზის სექტორის აღდგენისთვის აუცილებელი მასალების მიწოდებაზე იქნება საუბარი.

სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, ერთ-ერთი ეგვიპტელი ოფიციალური პირის განაცხადებით, ეგვიპტე გარანტიას იძლევა, რომ ღაზის სექტორის აღდგენისთვის გამოყოფილი სახსრები არ მოხვდება დაჯგუფება „ჰამასის“ ხელში და მათი მიწოდება, სავარაუდოდ გაერო-ს ან საერთაშორისო კომიტეტის მიერ განხორციელდება.

ოფიციალური პირის განცხადებით, დაგეგმილია იერუსალიმში არსებული სიტუაციის განხილვა, მათ შორის ალ-აქსას მეჩეთზე ისრაელის მიერ დაწესებული შეზღუდვების და შეიხ-ჯარას რაიონიდან პალესტინელების გამოსახლების საკითხებზე. მხარეები ასევე, პალესტინასა და ისრაელს შორის ტყვეთა გაცვლის თაობაზე იმსჯელებენ.

ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის 11-დღიანი დაპირისპირების შედეგად 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმეტესობა პალესტინელია. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს ეგვიპტე აწარმოებდა, რომელიც 21 მაისს იქნა მიღწეული.