ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა
ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა

ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

როგორც თელავივში განაცხადეს, ავიადარტმების სამიზნე “ირანის სამხედრო ობიექტები” იყო, საიდანაც მანამდე სარაკეტო დარტყმა გოლანის მაღლობებზე დისლოცირებულ ისრაელის პოზიციებზე განხორციელდა.

როგორც ისრაელის არმიის პრესსპიკერმა განაცხადა, გამანადგურებლებმა იერიში ირანული “ალ-ქუდსის” ძალების კუთვნილ ათობით სამიზნეზე მიიტანეს.

“იერიშის სამიზნე იყი სირიაში მოქმედი ირანის დაზვერვის პოზიციები, რომლებსაც „ალ ქუდსის“ ძალები ხელმძღვანელობენ, ასევე “ალ-ქუდსის” შტაბბინა, სამხედრო და ლოჯისტიკური ცენტრები, ირანული სამხედრო ბანაკი დამასკოსთან, დამასკოს აეროპორტში მდებარე იარაღის საწყობები, სამხედრო საგუშაგოები და ბუფერულ ზონაში მდებარე სათვალთვალო ობიექტები”, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ ავიაიერიშის შესახებ რუსეთი წინასწარ იყო გაფრთხილებული.

ამასთან, ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ სირიაში ირანის პოზიციების გამყარებას არ დაუშვებენ

“არმია არ დაუშვებს ირანის პოზიციების გაძლიერებას სირიაში. მათ ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სირიის რეჟიმს დაეკისრება. ისრაელის არმია სხვადასხვა სცენარისთვის არის მზად. სანამ ისრაელის სუვერენიტეტს და მის მოქალაქეებს აგრესია ემუქრება, არმია პასუხისთვის მზად იქნება”, – განაცხადეს ისრაელის არმიაში.