ისრაელმა სირიის სამხედრო ბაზაზე ავიაიერიში მიიტანა
ისრაელმა სირიის სამხედრო ბაზაზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელის ავიაციამ დამასკოდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ გვიან ღამით დამასკოში აფეთქების ხმა ისმოდა.

ისრაელს ავიადარტყმა სირიის სამხედრო ბაზაზე ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ისრაელის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, სირიაში ირანმა საკუთარი პოზიციები განამტკიცოს.

ირანი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.