ისრაელმა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე დასახლებაზე ავიადარტყმები მიიტანა, დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე დასახლებაზე ავიადარტყმები მიიტანა, დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე დასახლებაზე ავიადარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სიენენი” ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, ნაბათიეს რაიონში დაფიქსირდა როგორც ავიადარტყმები, ასევე საარტილერიო ცეცხლი, რამაც საცხოვრებელი სახლები და შენობები გაანადგურა.

მედიის ინფორმაციითვე, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 06:30 საათზე ისრაელმა იერიში ქალაქ არაბ სალიმზე მიიტანა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ასევე, ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ დეირ ალ-ზაჰრანიზე განხორციელებული დარტყმის შედეგად. ერთი ადამიანი ემსხვერპლა ქალაქ ალ-დვეირში ადგილობრივი დროით დილის 07:30-ზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას.

„სიენენის” წყაროს ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის განახლებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში პარასკევს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე უნდა შესულიყო.