ისრაელმა ღაზას სექტორში პალესტინელი მებრძოლების პოზიციებზე იერიში მიიტანა
ისრაელმა ღაზას სექტორში პალესტინელი მებრძოლების პოზიციებზე იერიში მიიტანა

ისრაელის შენაერთებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში პალესტინელი მებრძოლების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ამ ტერიტორიიდან რაკეტის გაშვების საპასუხო ქმედება იყო.

სარაკეტო დარტყმა თავიდან ე.წ. რკინის გუმბათის მეშვეობით აირიდეს. დარტყმას ქალაქი აშკელონი გადაურჩა, სადაც 130 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ სარაკეტო შეტევის პასუხად, ისრაელის არმიამ ტანკებითა და საავიაციო შემადგენლობით ჰამასის პოსტებზე იერიში მიიტანა.

რამდენიმე საათით ადრე კი, ისრაელის არმიამ პალესტინური ანკლავის სამხრეთ ნაწილს შეუტია, საიდანაც ასევე გაუშვეს რაკეტა.

იერიშებმა მკვეთრად იმატა პალესტინელების პროტესტის ფონზე, რომელიც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით არის გამოწვეული. აშშ-ის პრეზიდენტმა 6 დეკემბერს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. შეტაკებებზე პასუხისმგებლობას ოფიციალური თელ-ავივი ისლამურ მოძრაობა ჰამასს აკისრებს.