ისრაელმა ღაზას სექტორისთვის დაწესებული ემბარგო გაამკაცრა
ისრაელმა ღაზას სექტორისთვის დაწესებული ემბარგო გაამკაცრა

ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორში საწვავის მიწოდება დროებით შეწყვიტა და ქერემ-შალომის საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაკეტა. ამის მიზეზი პალესტინური ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო დროს რაკეტების გახშირებული გაშვება გახდა.

ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის მინისტრზე, ავიგდორ ლიბერმანზე დაყრდნობით წერს, რომ საწვავის მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა 22 ივლისამდე იმოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების სარდლობასთან შეთანხმებით მიიღო.

ქერემ-შალომის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ღაზას სექტორში საწვავისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მიმავალი ერთადერთი გზაა.

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ანკლავში მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება გაგრძელდება, თუმცა ამისთვის ნებართვის გაცემა ინდივიდუალურ საფუძველზე მოხდება. გარდა ამისა, ისრაელმა ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ღაზას სექტორისთვის თევზჭერის ზონა შეამცირა.

რადიკალურმა პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის გადაწყვეტილებას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული უწოდა.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვეს.
15 ივლისს ღაზას სექტორში მოქმედმა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით იერიში განახორციელეს, რა დროსაც 100 რაკეტა გაუშვეს და ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გახსნეს. შედეგად ქალაქ სდეროთში სამი ადამიანი დაშავდა. საპასუხოდ, ისრაელის არმიამ მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა, მათ შორის იარაღის საცავები.