ისრაელმა გაერო-ში თავისი ელჩი სასწრაფო კონსულტაციებისთვის გაიწვია
ისრაელმა გაერო-ში თავისი ელჩი სასწრაფო კონსულტაციებისთვის გაიწვია

ისრაელმა გაერო-ში თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. აღნიშნულის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ელჩის გაწვევის მიზეზია ცნობები იმის შესახებ, რომ გაერო, სავარაუდოდ, ცდილობდა, არ გაეხმაურებინა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ანგარიში.

„გაერო-ში ჩვენს ელჩს, გილად ერდანს მოვუწოდე, დაბრუნდეს ისრაელში სასწრაფო კონსულტაციებისთვის, ორგანიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით, არ გახმაურებულიყო „ჰამასის“ და მისი დამხმარეების მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი მასობრივი გაუპატიურების შესახებ ანგარიში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისივე თქმით, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს ანგარიშის განსახილველად უშიშროების საბჭო უნდა მოეწვია ან „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინა.

აღნიშნულს გამოეხმაურა ანტონიუ გუტერეშის ოფისი და განაცხადეს, რომ გენერალურ მდივანს არასდროს უბრძანებია, ანგარიში გასაიდუმლოებულიყო.

„გენერალურმა მდივანმა სრულად დაუჭირა მხარი გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის, პრამილა პატენის მუშაობას ისრაელში, რათა შეესწავლა სექსუალური ძალადობის შემთხვევები, რომლებიც 7 ოქტომბრის ტერაქტებთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.