ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, ღაზას სექტორში სამხედრო კამპანიას მხარი დაუჭირონ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მთავრობის წევრებს ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, სასაზღვრო ზონაში არსებული ვითარების ასე გაგრძელება შეუძლებელია.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, დაჯგუფება „ჰამასზე“ სერიოზული დარტყმა ღაზას საზღვარზე 4-5 წლის განმავლობაში სიმშვიდეს მოიტანს.
უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბერმანის ინიციატივა განიხილა და კვირის ბოლომდე მოცდის გადაწყვეტილება მიიღო. კაბინეტის წევრების განცხადებით, დიპლომატებს მიეცათ შანსი, დაარწმუნონ „ჰამასი“, რომ უარი თქვას ძალადობრივ ტაქტიკაზე.
ღაზას სექტორის მოსახლეობა 30 მარტის შემდეგ ისრაელის საზღვართან ე.წ. დაბრუნების მარშს მართავს. პალესტინელებმა საზღვრის გადალხვა არაერთხელ სცადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელების მოქმედების საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს. შეტაკებების შედეგად 155 ადამიანია დაღუპული, რამდენიმე ათასი ადამიანი კი დაშავდა.