„ჰამასთან“ დადებული ზავის გამო, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გადადგა. ღაზას სექტორში დადებულ ზავს ლიბერმანმა „შიშის წინაშე კაპიტულაცია“ უწოდა. ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ზავი რეგიონში მოკლევადიან მშვიდობას მოიტანს და ხელისუფლებამ ღაზას სექტორში მკაცრი და გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს.
თანამდებობიდან წასვლის პარალელურად, ავიგდორ ლიბერმანმა ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ლიბერმანის მემარჯვენე-ნაციონალისტური პარტია Yisrael Beiteinu, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია Likud-ის მმართველი კონსერვატორული კოალიციიდან გადის. ლიბერმანის პარტიის გასვლის შემდეგ, ნეთანიაჰუს კოალიციას 120 ადგილიან ქნესეთში 61 მანდატი დარჩება.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარტია Likud-ის წევრმა, ციპი ხოტოველიმ ლიბერმანს „ცინიკოსი“ პოლიტიკოსი უწოდა და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის გადადგომას ისრაელის არცერთი მოქალაქე არ ნანობს.
ლიბერმანის თანამდებობიდან წასვლას რადიკალურმა მოძრაობა „ჰამასმა“ პალესტინური წინააღმდეგობის წინაშე ისრაელის დამარცხების აღიარება და ღაზას გამარჯვება უწოდა.