ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მიერ წუხელ გადაცემული ოთხი ცხედრიდან ერთ-ერთი მძევალი არ არის
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მიერ წუხელ გადაცემული ოთხი ცხედრიდან ერთ-ერთი მძევალი არ არის. ამის შესახებ სამხედოებმა ისრაელის სასამართლო მედიცინის ეროვნულ ინსტიტუტში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ განაცხადეს. ვარაუდობენ, რომ მეოთხე ცხედარი ღაზელია. დანარჩენი დაბრუნებული ცხედრები არის სერჟანტის, 18 წლის ტამირ ნიმროდის, 35 წლის ურიელ ბარუჩის და 35 წლის ეიტან ლევის ნეშტი.
„ჰამასი ვალდებულია, ყველა საჭირო ძალისხმევა გაიღოს გარდაცვლილი მძევლების დასაბრუნებლად“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა. პირველ დღეს „ჰამასმა“ ოთხი ცხედარი დააბრუნა, წუხელ კი ისრაელის მხარეს კიდევ ოთხი გარდაცვლილი გადასცა.
ამის გამო ისრაელი „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საპასუხოდ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე მხოლოდ 300 სატვირთო მანქანას შეუშვებს, რაც შეთანხმებული რაოდენობის ნახევარია.