ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, არმია საფრთხის შექმნის ნებისმიერ მცდელობას უპასუხებს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, არმია საფრთხის შექმნის ნებისმიერ მცდელობას უპასუხებს

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთის მეთაურობის ოფიცერი აცხადებს, რომ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, არმია უპასუხებს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მას საფრთხეს შეუქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„დარტყმა განხორციელდება ნებისმიერზე, ვინც წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ძალებისთვის. ჩვენი ძალების უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ასე ვმოქმედებდით და ასე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა სამხრეთის მეთაურობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სახმელეთო ოპერაციამ და მისმა შედეგებმა „ჰამასზე“ ზეწოლა მოახდინა და ამის შედეგად შეიქმნა მძევლების ნაწილის გათავისუფლების გეგმის შესრულების პირობები.

სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელის ძალები გააძლიერებენ მზადყოფნას და დაგეგმვას, რათა შეასრულონ ამოცანები ზავის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ ვემზადებით თავდასხმის გასაგრძელებლად მთელი ჩვენი სიმძლავრით ზავის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთის მეთაურობის წარმომადგენელმა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ არ დაუშვებენ პალესტინელების ღაზის სამხრეთი ნაწილიდან ჩრდილოეთში დაბრუნებას. არმიაში აცხადებენ, რომ უკვე აღკვეთეს რამდენიმე ასეთი მცდელობა.