ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი – „ჰამასის“ ტერორისტები ისრაელში არიან, ჩვენ დავიწყეთ ჯარის მობილიზება, საჰაერო ძალები კი ღაზის მიმართულებით იერიშს ახორციელებენ

13:29, 07.10.2023

ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი წარმომადგენელი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ ისრაელი საომარ მდგომარეობაშია.

„საომარ მდგომარეობაში ვართ. 2 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიაზე შემოაღწიეს. ჩვენ დავიწყეთ ჯარის მობილიზება, საჰაერო ძალები კი ახორციელებენ დარტყმებს ღაზის მიმართულებით“, – განაცხადა ჰაგარმა.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა: „ჩვენ ომში ვართ“.

მსგავსი